English / ქართული / русский /
ლალი ხიხაძე
ეთიკური და ზნეობრივი პრინციპები საერთაშორისო ბიზნესის კომუნიკაციების მართვის განმსაზღვრელი ფაქტორი

ანოტაცია. საერთაშორისო ბიზნესში ეთიკა ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი ქცევის პრინციპებს ეფუძნება, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზნესსუბიექტების რელიგიურ, ფილოსოფიურ და კულტურულ ფასეულობებთან, ეროვნულ ტრადიციებთან და თანამედროვე შეხედულებებთან.

გლობალიზაციის თანამედროვე ეტაპზე ეთიკური და ზნეობრივი ქცევის მაღალი სტანდარტები მოითხოვს, რომ საერთაშორისო კომპანიამ კეთილსინდისიერება, პატიოსნება და მიუკერძოებლობა უნდა გამოიჩინოს ყველა ბიზნესპარტნიორთან, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობები გააჩნია.

საერთაშორისო ბიზნესში ეთიკა ესაა ცოდნის სისტემა, უნივერსალური ეთიკური ნორმებისა და ზნეობრივი პრინციპების ერთობლიობა, რომელთა საფუძველზე უნდა იხელმძღვანელონ ბიზნესსუბიექტებმა საქმიანი ურთიერთობისას. ეთიკური და ზნეობრივი ნორმების დაცვა ეხმარება საერთაშორისო კომპანიებს წარმატების მიღწევაში საერთაშორისო ბაზარსა და ბიზნეს წრეებში, რაც აძლიერებს ბიზნესსუბიექტების კონკურენტუნარიანობასა და სიცოცხლისუნარიანობას, გრძელვადიანი საქმიანი თანამშრომლობის პერიოდში.

საერთაშორისო ბიზნესში ეთიკური და ზნეობრივი პრინციპები არეგულირებს ბიზნესკომუნიკაციის პროცესში მონაწილე სუბიექტების ქცევებს, ამცირებს მათ შორის უთანხმოებებსა და კონფლიქტებს, მკაფიოდ განსაზღვრავს თითოეული ბიზნესსუბიექტის პოზიციასა და აქტივობას.

საკვანძო სიტყვები: ეთიკური და ზნეობრივი პრინციპები, საერთაშორისო ბიზნესი, ბიზნეს კომუნიკაციები, კონკურენტები,  ბიზნესპარტნიორები, მომხმარებლები, საბაზო და რეციპიენტი ქვეყნები.

შესავალი 

საერთაშორისო  ბიზნესის ეთიკის სფერო საკმაოდ მრავალფეროვანია და მის შემადგენლობაში შედის - კომპანიის გარე და შიდა პოლიტიკის განხორციელების ეთიკური პრინციპები, შრომის მორალი, საქონლის წარმოებისა და რეალიზაციის, რეკლამირებისა და გასაღების ეთიკური ნორმები, ზნეობრივი კლიმატი კომპანიაში (საბაზო ქვეყანაში) და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (რეციპიენტ ქვეყანაში), ბიზნეს გადაწყვეტილების მიღების ეთიკური პრინციპები, დამოკიდებულება სახელმწიფო სტრუქტურებისადმი, ინვესტორების, აქციონერების, კონკურენტების, ბიზნესპარტნიორების, პერსონალისა და მომხმარებლების მიმართ.

საერთაშორისო ბიზნესის ეთიკაში, ისევე, როგორც, ზოგადად ეთიკაში ყოველთვის წინ წამოიწევა მთავარი პრობლემა - ეთიკური პრინციპების, ნორმების, ჭეშმარიტების კრიტერიუმების განსაზღვრა და დადგენა, როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ დონეზე. სწორედ ამ პრობლემების ახსნა შესაძლებელია უნივერსალიზმისა და რელატივიზმის ასპექტში განხილვითა და ანალიზით.

 უნივერსალიზმი - როგორც ტერმინი ფართოდ გავრცელებულია და ყველაზე განზოგადებული ფორმით ის მოიცავს იმ საერთო ეთიკურ და ზნეობრივ წესებს, რომელიც მოიცავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. უნივერსალიზმის დამცველები ეთანხმებიან, რომ მიუხედავად თავიანთი ეთნიკური, რასობრივი, რელიგიური წარმოშობისა, ყველამ უნდა დაიცვას მორალური კანონები და ეთიკური პრინციპები, რაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არსებობს ქცევის ისეთი წესები და ნორმები, რომელიც მიღებელია ნებისმიერი კულტურისათვის. მაგალითად, მსოფლიოში ყველა ქვეყანას აქვს კანონები, რომელიც კრძალავს მექრთამეობას, ქურდობას, ბიზნესის კეთების კონტექსტში გაყალბებასა და ფალსიფიკაციას. ამასთან, უნივერსალიზმის პრინციპი არ არის სტატიკური, ის ვითარდება საზოგადოების განვითარების კვალობაზე და უნივერსალიზმის საერთო სტრატეგია გამომდინარეობს იმ პრინციპებიდან, რომ აქტიურად განავითაროს ეთიკური ქცევების ის ნორმები, რომელიც ემსახურება კაცობრიობის პროგრესს. კერძოდ, ბიზნესის ეთიკის ტრანსნაციონალური თუ გლობალური კოდექსი, რომელიც გასათვალისწინებელია ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ ბიზნესკომუნიკაციის მართვის პროცესში, სწორედ უნივერსალიზმის პრინციპების გამოხატულებაა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი კულტურისათვის უნივერსალიზმის შემდეგი პრინციპებია გასათვალისწინებელი: მაგალითად, ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა, სხვისი ქონების მიმართ ზიანის მიყენების დაუშვებლობა, დისკრიმინაციისა და აპარტეიდის აღმოფხვრა და სხვა ზოგადეთიკური პრინციპები. თანამედროვე ეტაპზე უნივერსალიზმის მიმდევრებმა განავითარეს სიტყვის თავისუფლების, არადისკრიმინაციული მოპყრობის, ადამიანის უფლებები, პროდუქციის უსაფრთხოება, გარემოს დაცვის საკითხები, უკანონო გადასახადების მინიმუმადე შემცირება და სხვა [1. გვ.,159].

 რელატივიზმი უნივერსალიზმის ალტერნატივაა, მის მიმდევრებს მიაჩნიათ, რომ ეთიკური ქცევა ნებისმიერ ქვეყანაში განისაზღვრება ამ ქვეყნის კულტურით, წესებითა და ბიზნეს გამოცდილებით. ამ დამოკიდებულებას ასახავს გამოთქმა: რომში იქცევიან ისე, როგორც რომაელები იქცევიან", რაც ხშირად გამართლებულია, თუ საერთაშორისო კომპანიის მენეჯერები მოიქცევიან სხვა კულტურის საპირისპიროდ, ეს ნიშნავს იმას, რომ პატივს არ სცემენ მასპინძელ (რეციპიენტ) ქვეყანას. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო მენეჯერებმა უნდა გაითვალისწინონ იმ ქვეყნის კულტურა და ეთიკური ნორმები, სადაც ისინი წარმართავენ საკუთარ [1. გვ.,161].

 უნივერსალიზმისა და რელატივიზმის შესახებ შეხედულებები წარმოაჩენს იმას, რომ თუ როგორია ქვეყნების აზრთა სხვადასხვაობა, როგორ იყენებენ ისინი ბიზნესში ეთიკურ პრინციპებს. აღნიშნული პრობლემის კვლევა გვიჩვენებს, რომ ეთიკურ საკითხებთან მიმართებით სხვადასხვა ქვეყნაში უამრავი განსხვავებული მიდგომა არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ ამერიკელი მენეჯერი უფრო მეტად იზიარებს ადამიანიური ურთიერთობის პრიმატს ბიზნესის ეთიკურ ნორმებში, ვიდრე მათი ავსტრალიელი და გერმანელი პარტნიორები, რადგანაც გერმანელი და ავსტრალიელი მენეჯერები უფრო აქტიურად ერეოდნენ ადგილობრივი კომპანიების ეთიკურ პროცესებში, რაც დაკავშირებულია მათ კულტურულ ფასეულობებთან. ამერიკელები განუსაზღვრელად ინდივიდუალისტები არიან და მათი ინდივიდუალობა არის მათი ეთიკური ფასეულობების სათავე. გერმანელი და ავსტრალიელები უფრო მეტად იზიარებენ საზოგადოებრივ ორენტაციას. ფაქტობრივად, ამ ქვეყნებში ბიზნესის  ეთიკა განისაზრვრება, როგორც დამოკიდებულება ბიზნესსა და ადგილობრივ გარემოს შორის. ეროვნული განსხვავებების ზეგავლენა ეთიკური ნორმების დაცვაზე საკმაოდ დიდია და ამის გამო რთულია ბიზნესის ეთიკური მიდგომები მოკლე დროში შეიცვალოს. მაგალითად, სამხრეთ აფრიკაში ბოლო პერიოდში გატარებული სოციალური და ეკონომიკური ცვლილებების მიუხდავად, ამ ქვეყნის ბიზნეს ეთიკის მიმართ დამოკიდებულება მაინც პრობლემატურია და მაინც იგივე დარჩა. განსაკუთრებით, პრობლემები შესაძლოა შეიქმნას ტრანსნაციონალური კომპანიების მიერ ისეთ ქვეყნებში, რომლებიც ესწრაფვიან კონკურენციული საბაზრო ეკონომიკის ფორმირების პროცესს და გარდამავალი, ტრანსფორმაციული ეკონომიკის ქვეყნებს წარმოადგენენ.

საერთაშორისო ბიზნესში ეთიკური ნორმები კომპანიის მიზნების მიღწევის მნიშვნელოვანი საშუალებაა, ეთიკის ნორმების დაცვით საერთაშორისო კომპანია საბაზო ქვეყანაში და მათი სტრუქტურული ქვედანაყოფები (ფილიალები, შვილობილი და ქალიშვილი კომპანიები) რეციპიენტ ქვეყანაში თავისი არსებობისათვის მთავარ საყრდენს პოულობს - ბიზნესპარტნიორების,  კონკურენტების, მომხმარებლებისა და მთლიანად საზოგადოების სახით, ხოლო გლობალურ დონეზე ბიზნესკომუნიკაციები ბიზნესის ეთიკური კოდექსის პრინციპების დაცვით ხორციელდება, რადგანაც ეთიკური ნორმების დაცვისა და ნდობის ფაქტორის გარეშე არცერთ კომპანიას არ შეუძლია ფუნქციონირება, ამიტომ ,,კარგი ეთიკა ყოველთვის კარგი ბიზნესია” . ეთიკური და ზნეობრივი პრინციპების  დაცვით უმჯობესდება   ზნეობრივ-ფსიქოლოგიური კლიმატი და მომსახურების კულტურა საზოგადოებაში, მომხმარებელთა ინტერესები, საერთაშორისო კომპანიების იმიჯი და რეპუტაცია.

 თანამედროვე ეტაპზე მცირდება ბარიერები და წინააღმდეგობები საერთაშორისო ბიზნესში, მაგრამ იზრდება ბიზნესკომუნიკაციის მასშტაბები, რასაც თან ახლავს ეთიკური და ზნეობრივი ქცევის სირთულეები კულტურათა განსხვავებების ფონზე, ამასთან ეთიკის პრობლემები განსაკუთრებით აქტუალურია მძაფრი კონკურენციისა და საზოგადოების სწრაფი ტრანსფორმაციის პირობებში.

 საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციის პროცესში ზემოთ აღნიშნული პრობლემების საფუძველზე, ზოგჯერ აღმოცენდება ბიზნესსუბიექტთა შორის უთანხმოება, ინტერესების, აზროვნების, ეთიკური და ზნეობრივი პრინციპების კონფლიქტი,  ამასთან ერთად, მიღებულ  ბიზნეს გადაწყვეტილებებს გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა გააჩნია კომპანიის სამომავლო განვითარებაზე.

  როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბიზნესის ეთიკის კოდექსი შემდეგ ზოგად  ეთიკურ და ზნეობრივი პრინციპების დაცვას ეფუძნება: კერძოდ, სხვისი საკუთრების ხელშეუხებლობა, ექსპროპრიაციის დაუშვებლობა, ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა, ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და სხვა. კონკრეტულ სიტუაციაში ამ პრინციპების გაუთვალისწინებლობა ბიზნესაქტივობის მნიშვნელოვანი პრობლემაა, რადგანაც დიდი მოგების მოპოვების სურვილი, კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება და უპირატესობის მიღწევა, ზოგჯერ  ეთიკური პრინციპების დარღვევის საფუძველია.

 საერთაშორისო   ბიზნესის კომუნიკაციებში ადგილი აქვს  ეთიკური ნორმებისა  და ზნეობრივი ქცევის პრინციპების  დარღვვევას  და    ვლინდება  შემდეგიპრობლემებები:

  • Ø მომხმარებლის მაქსიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების  ნაცვლად,  არასათანადო კომუნიკაციით კლიენტების მოტყუების მეშვეობით ,შემოსავლების გაზრდა;
  • Ø უხარისხო, ჯანმრთელობისათვის მავნე პროდუქციის წარმოებასა და ამ პროდუქციის ფუნქციების შესახებ, არასწორი ინფორმაციის გავრცელება;
  • Ø მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ფასების მაქსიმალური მომატება ან დემპინგური ფასების გამოყენება;
  • Ø კონკურენტების დისკრიმინაცია და არასამართლიანი კონკურენციული მეთოდების გამოყენება, სახელმწიფო მოხელეების მოსყიდვა (ლობირება) და ამის ხარჯზე ტენდერებში გამარჯვება, მომგებიანი, მსხვილი სახელმწიფო შეკვეთების მოპოვება;
  • Ø ბიზნესპარტნიორების, მომხმარებლების, შუამავლების მოტყუება, შეკვეთების, სახელშეკრულებო ვალდებულებების  არადროული  და არაზუსტი შესრულება;
  • Ø ხელშეკრულების პირობების დარღვევა, ფორსმაჟორული სიტუაციის არასწორი აღწერა  და არაზუსტი ინფორმაციის მიწოდება ;
  • Ø კომპანიის საიდუმლოებით (კონფიდენციალური ინფორმაციით) ვაჭრობა და კონკურენტებისაგან მაღალკვალიფიციური კადრების გადმობირება;
  • Ø ეკოლოგიური დაბინძურების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელება  და საფრთხის შემცველი  მოძველებულ ტექნოლოგიების გამოყენება;
  • Ø სარეკლამო, პიარ-ტექნოლოგიებში ცნობიერებით, ფსიქიკით მანიპულაციის ტექნოლოგიებისა და ფსევდოექსპერტების გამოყენება.

დასკვნა 

ზემოთაღნიშნული  ანალიზისა და შეფასების გათვალისწინებით, საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციების მართვის პროცესში, წარმოიშობა მრავალი ეთიკური და ზნეობრივი პრობლემები - უპირატესად კონკურენტებთან, ბიზნესპარტნიორებთან, ინვესტორებთან, მომხმარებლებთან მიმართებაში.

საქმიანი ურთიერთობა და დამოკიდებულება კონკურენტების მიმართ მნიშვნელოვანია, რადგანაც კონკურენტი ბიზნეს ურთიერთობების მთავარი მამოძრავებელი ძალა და ბიზნესში წარმატებების მიღწევის საწინდარია. მათთან ურთიერთობისას აუცილებლად საჭიროა, უშუალო კონკურენტების იდენტიფიკაცია, მათი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა, რათა შესაძლებელი გახდეს მათთან საქმიანი ურთიერთობების დაგეგმვის სტრატეგია და ტაქტიკა, შემუშავდეს მოქმედების მეთოდები და ხერხები,  განისაზღვროს მათგან დაცვის წესები და პირობები, ზნეობრივი პრინციპების დარღვევის შემთხვევაში, შეუძლებელია ძლიერ პარტნიორებთან თანამშრომლობა და ამით მაქსიმალურად შემცირდება კომპანიის კონკურენტუნარიანობა და რეიტინგი. არაჯანსაღი კონკურენცია იმ ბიზნესსუბიექტის ქმედებაა, რომელიც კანონს და ეთიკურ პრინციპებს ეწინააღმდეგება, რაც მიზნად ისახავს ბიზნეს პროცესში არამართებულად უპირატესობის მოპოვებას, კონკურენტის დაჩაგვრასა და მათთვის  ზარალის მიყენებას.

 კონკურენტებთან საქმიანი ურთიერთობისას არ უნდა ისარგებლოს კომპანიამ მონოპოლიური მდგომარეობით, არ უნდა გამოიყენოს სახელმწიფო მმართველების მფარველობა (ლობირება), ამასთან დაუშვებელია ბიზნეს სუბიექტებთან კონკურენტის წინააღმდეგ მიმართულ ფასების შესახებ გარიგებებში მონაწილეობა, დაუშვებელია კონკურენტის სახელის გატეხვა, მისი რეპუტაციისათვის შემლახველი ინფორმაციის გავრცელება, კონფიდენციალური ინფორმაციის მოპარვა და მისი თანამშრომლების მოსყიდვა. არაეთიკური ხერხების გამოყენება ყოველთვის ხელს უშლის ბიზნესის პროცესში ბიზნესსუბიექტებისათვის თანაბარი პირობების შენარჩუნებას, ეს კი, თავის მხრივ, მოქმედებს გამოშვებული საქონლის ხარისხზე, მისი თვითღირებულების მომატებასა და ფასების ზრდაზე. საერთაშორისო კომპანიები კი, დაინტერესებული არიან საქონლის, მომსახურების მრავალფეროვნებაში, ინოვაციებსა და საზოგადოების კეთილდღეობაში. ამის მიღწევა მხოლოდ ჯანსაღი, თანაბარი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი. ვერც ერთი კომპანია ვერ განვითარდება ჯანსაღი კონკურენციის გარეშე, რადგან სწორედ კონკურენტი გვაჩვენებს სუსტ ადგილებს, განვითარების მიმართულებებსა და კომპანიის შესაძლებლობებს. ამიტომ ეთიკური პრინციპების დაცვა და ზნეობრივი ქცევის წესების უზრუნველყოფა კონკურენტთა მიმართ თითოეული ბიზნესსუბიექტის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

 საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციის მართვის პროცესში არსებითი მნიშვნელობა გააჩნია ბიზნესსუბიექტების ეთიკურ დამოკიდებულებას ბიზნეს პარტნიორების მიმართ. პარტნიორებთან ეთიკური და ზნეობრივი ნორმებით თანამშრომლობა ნებისმიერი კომპანიის წარმატების საწინდარია. ამასთან ერთად, ნდობა პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის მოწესრიგების მთავარი ფაქტორია. ნდობის მოპოვება მხოლოდ ეთიკური ნორმების დაცვითაა შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ, რაც მეტი ბიზნეს გამოცდილება აქვს პარტნიორს, რაც მეტად გლობალურია მისი ბიზნესსაქმიანობა, მით მეტად მნიშვნელოვანია მისთვის ნდობის ფაქტორი, ახალბედა ბიზნესმენები უფრო დიდ მნიშვნელობას ბევრი ფულის, რაც შეიძლება სწრაფად მოპოვებას ანიჭებენ, ხოლო  ნდობის მოპოვება მხოლოდ საქმიანი ურთიერთობების ხანგრძლივი თანამშრომლობის საფუძველზე, ბიზნესპარტნიორების ურთიერთდახმარებითა და სირთულეების ერთად გადალახვითაა შესაძლებელი.

  ბიზნეს პარტნიორობის ეთიკური  და ზნეობრივი პრინციპებია:

  • · ბიზნესპარტნიორის თავისუფალი არჩევანი და თანასწორობა;
  • · პასუხისმგებლობა და ორმხრივი კონტროლი ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე;
  • · საქმიანი დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობა და ორმხრივი სარგებლიანობა;
  • · პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების  დროული და ზუსტი შესრულება;

 იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორი არ ასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებებს, არაკეთილსინდისიერ პარტნიორთან ბრძოლის საუკეთესო ფორმად მიიჩნევა, მის საქციელზე ბიზნეს წრეებში ინფორმაციის გაჟღერება და საქმიან ურთიერთობათა შეწყვეტა. ბიზნესპარტნიორებს შორის საქმიანი ურთიერთობები  უნდა იყოს თანასწორუფლებიანი, ურთიერთხელსაყრელი და  ორივე მხარისათვის  სარგებლის  მომტანი.

 საერთაშორისო ბიზნესკომუნიკაციის პროცესში უდიდეს როლს მოხმარებლებთან საქმიანი ურთიერთობა თამაშობს. თანამედროვე ეტაპზე მძაფრი გლობალური კონკურენციის პირობებში, უპირველეს ყოვლისა, დეტალურადაა მომხმარებელთა მოთხოვნები, ინტერესები და მოლოდინები გასათვალისწინებელი. საერთაშორისო კომპანია მუდმივად უნდა ატარებდეს მომხმარებელთა აზრებისა და მოთხოვნების მონიტორინგს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს მომხმარებელთა მიერ გამოთქმულ ზნეობრივ შეფასებებზე, საქონლითა და მომსახურებით დაკმაყოფილების დონეზე.

გლობალური მძაფრი კონკურენციის პირობებში,  უპირატესად მომხმარებელმა უნდა შეიგრძნოს, რომ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა, ლიდერი და დომინანტია, მას ყოველთვის ელიან და უხარიათ მასთან ურთიერთობა. მომხმარებლისადმი თავაზიანი კომუნიკაცია  არ უნდა იყოს მოსაბეზრებელი, მლიქვნელური, დაუშვებელია უყურადღებობის, სიცივის დემონსტრირება და მისი  ინტერესების იგნორირება.  განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა პრეტენზიებს, უკმაყოფილებას, რადგან მომხმარებლის მოთხოვნის გათვალისწინება პროდუქციის ხარისხისა და სერვისების გაუმჯობესების შესაძლებლობას ზრდის. მომხმარებელთა პრეტენზიები და ხარვეზები დაუყოვნებლივ უნდა შესწორდეს. ეს აღიქმება, როგორც კომპანიის ბიზნესკულტურის, მომხმარებლისადმი პატივისცემისა და ეთიკური პრინციპების გაუმჯობესების მაჩვენებელი.

 მომხმარებელი თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, დაუშვებელია რელიგიური, რასობრივი, ეროვნული, ზნეობრივი სტანდარტების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების გამოთქმა,  უცხოელ  მომხმარებლებთან ხელისუფლების, სხვა ადამიანთა ქცევების განსჯა და კრიტიკა. საქმიანი ურთიერთობა მომხმარებლებთან უნდა იყოს თანამშრომლობაზე და გრძელვადიან ურთიერთობებზე ორიენტირებული. ამისათვის მომხმარებელს სრული და ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს კომპანიამ მისი საქმიანობის, გამოშვებული პროდუქციისა და სერვისების,  ხარისხისა და ეკოლოგიური სისუფთავის შესახებ.

ზნეობრივი პრინციპები და ეთიკური ნორმები საერთაშორისო ბიზნესში ბიზნესსუბიექტების დინამიური განვითარების ყველაზე იაფი და ეფექტური საშუალებაა, რაც უზრუნველყოფს ბიზნესკომუნიკაციის მართვის პროცესში პრობლემების მინიმუმადე შემცირებას, საქმიანი ურთიერთობის პროცესში ბიზნესპარტნიორებთან, კონკურენტებთან, მომხმარებელთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას,  შესაბამისი ეთიკური ნორმებისა და ზნეობრივი ქცევის წესების ადექვატურ გამოყენებას. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. თ.შენგელია, საერთაშორისო მენეჯმენტი,  გვ., 159, 161,  თბ., 2018

2. ლ. ხიხაძე, კულტურათაშორისი კომუნიკაციის პრობლემები   და მისი სრულყოფის ძირითადი მიმართულებები   გლობალურ ბიზნესში. საერთაშორისო  სამეცნიერო ჟურნალი, ახალი ეკონომისტი,  თბ., N4, 2018,   E-print.tsu.ge

3. l.khikhadze,  Cross-cultural challenges and characteristics of business Communication in globalization conditions,  World Economy and International Economic Relations, International Scientific Collection International Scientific Collection, Kyiev-Tbilisi-Chisinau, 2019

4. l.khikhadze, MODERN TRENDS OF THE DEVELOPMENT OF ECONOMIC AND CULTURAL GLOBALISM”, international journal Ecoforum, Vol.8, Issue 1, January 2019